ქართველი მეფე-დედოფალნი

ქართველი მეფე-დედოფალნი

Thursday, September 8, 2016


წმიდა მეფე თამარი - მზისდარი გვირგვინოსანი

წმიდა მეფე თამარი გამორჩეული ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვდა. მეფის სასახლეში მცხოვრები ვერც ერთი პირი წირვა-ლოცვას ვერ დააკლდებოდა.

ბრძენი, კეთილი და მოწყალე მმართველის სამფლობელოში არავინ იყო მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. წმიდა მეფე თამარმა სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და დასახიჩრება.

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი
ფრესკა ვარძიის მონასტერში
ასეთივე წმიდა და საიდუმლოებით მოცული იყო მისი გარდაცვალებაც. მუდმივმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა იგი ავადმყოფობას. მას არ უნდოდა ვინმე შეეწუხებინა. სენი დღითიდღე ძლიერდებოდა, ტკივილები იმატებდა, მხოლოდ მაშინღა განაცხადა მეფემ თავისი ავადმყოფობის შესახებ.
წმიდა თამარი ქალაქგარეთ გაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ და მშვენიერებამ არგოსო. თუმცა სენი კიდევ უფრო მოერია და სულთმობრძავი მეფე ისევ თბილისში დააბრუნეს.
ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით ევედრებოდა უფალს მზისდარი გვირგვინოსნის განკურნებას: „რათა მარტო ეს დარჩეს და ჩუენ ყველანი მოგუსრენ.“
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ სასახლის კარზე მყოფნი შეკრიბა, დალოცა ისინი, შემდეგ მაცხოვრის ხატსა და ცხოველსმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, გადაისახა პირჯვარი და თქვა: „ქრისტე ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“ და აღესრულა.

დღემდე საიდუმლოებით არის მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალე გელათს ასახელებს, ზოგიც -იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ქართველ ერში ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს მზისდარ გვირგვინოსანზე.   





ძლევამოსილი მეფის უკანასკნელი ბრძოლა და ანდერძი

სინდთა ქვეყანაში ლაშქრობისა და დასუსტებული სპარსეთის დახმარებიდან კარგა ხნის შემდეგ, ქართლთან დაზავებული სპარსელები ისევ მოძლიერდნენ. სპარსთა ახალმა მეფემ ბიზანტიის დაპყრობა გადაწყვიტა და ერთ დღეს ვახტანგ მეფეს შეუთვალა:
„ჩემმა უხუცესებმა მიბრძანეს დაგემორჩილო შენ, როგორც უფროსსა და გამოცდილ მეომარს. ამიტომ დამეხმარე ბიზანტიის დაპყრობაში და თან შენი ასული მომათხოვე. ამით ვიგრძნობ შენს ერთგულებას!“

წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი
მეფე ვახტანგმა კი შეუთვალა: „ ჩვენ და ბიზანტიას, ორივეს ერთი მეფე გვიცავს. მე ქრისტიანთა სისხლს არ დავღვრი. შენ თუ მაინც ბიზანტიის დაპყრობა გადაწყვიტე, პირველად ჩვენ შეგვებრძოლე, ბიზანტიას კი ამის შემდეგ მიაშურე!“
ქართველი მეფის ასეთმა სიტყვებმა საშინლად განარისხა სპარსთა ხელმწიფე. მან არაფრად ჩააგდო ქართველების უწინდელი დახმარება. 502 წელს მტრის ურიცხვი ლაშქარი ქართლს შემოესია. მტერმა შემუსრა ქალაქები: ხორნაბუჯი, ჭერამი, ველისციხე. მეოთხე დღეს კი სასტიკი, გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა სამგორის ველზე.
მოხუცი მეფე ვახტანგი უწინდებურად დაუღალავად იბრძოდა, იგი მტრის შუაგულში შეიჭრა და შიშის ზარი დასცა მტერს. თუმცა ამჯერად მეფეს მოღალატე ქართველებმა უმუხთლეს. ვახტანგ მეფეს ჯაჭვის პერანგი იღლიაში ჰქონდა გახეული, ეს კი მხოლოდ მისმა შინაურებმა იცოდნენ. მტერმა მეფის მეომარ-მსახური მოისყიდა და სწორედ მაშინ, როდესაც ვახტანგი ბრძოლის შუაგულში იდგა და გამალებით ებრძოდა მტერს, ორგულმა მონამ მას იღლიაში ისარი ჰკრა და სასიკვდილოდ დაჭრა.
დაჭრილი მეფე არ შედრკა და ბრძოლის დასრულებამდე არ დაუტოვებია იქაურობა. სპარსელებმა უკან დაიხიეს. მძიმედ დაჭრილი ვახტანგ მეფე უჯარმაში წაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ქართველი მეფე მისგანვე განახლებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.
სიკვდილის წინ მეფე ვახტანგმა ქართველ ერს დაუბარა: „მე ჩემს ღმერთთან მივდივარ, ვმადლობ მის სახელს. მტკიცედ იდექით მის სარწმუნოებაზე და ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის! მოიხსენეთ ჩემი კეთილი საქმეები და ნუ შეურაცხყოფთ ჩემს სახელს!“
დიდი ღვაწლი მიუძღვის ძლევამოსილ მეფეს ეკლესიის წინაშეც: მის გამეფებამდე საქართველოს ეკლესიას ანტიოქიის პატრიარქი მართავდა. ქართველ მეფეს სურდა კი სურდა, მის ქვეყანას საკუთარი კათოლიკოსი ჰყოლოდა; ამის განხორციელება არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. თუმცა საბოლოოდ ვახტანგ მეფემ კონსტანტინეპოლის პატრიარქის დახმარებით საქართველოს საკუთარი კათოლიკოსის ყოლის უფლება მაინც მოუპოვა. ასე დაარსდა საქართველოს მართლმადიდებლობის ეკლესიის დამოუკიდებლობა მე-5 საუკუნეში.
ქართველ ერს ძალიან უყვარდა მეფე ვახტანგ გორგასალი, დიდხანს იგლოვეს სახელოვანი მეფე და მას შემდეგ არც არასდროს ივიწყებენ მის სახელს.
კეთილმორწმუნე და ძლევამოსილი მეფის საფლავი დღემდე არსებობს სვეტიცხოვლის ტაძარში. გადმოცემის თანახმად, ძველად მეფის საფლავზე მისი სხეულისხელა ქვის გამოსახულებაც ყოფილა.
საქართველოს ეკლესიამ ერისა და ეკლესიისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის იგი წმიდანად შერაცხა და „ვახტანგ დიდი“ უწოდა.
წმიდა მეფე ვახტანგს შევთხოვოთ, შეგვეწიოს ყოველ კეთილ საქმეში და თავისი ლოცვითა და მადლით გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი საქართველო.